სკოლის ადგილი ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში

27 ოქტომბერი 2025

ტრადიციულად, სკოლა აღიქმება, როგორცცოდნის ტაძარი - ადგილი, სადაც ბავშვი მიდის წერა-კითხვის შესასწავლად და განათლების მისაღებად. თუმცა ამ ინსტიტუციას გაცილებით ღრმა, ფსიქიკური მნიშვნელობაც აქვს: სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვი პირველად აწყდება სიმბოლურ წესრიგს, რომელიც ოჯახურ სამყაროს სცილდება. სწორედ ამ ნაწილზე მინდა ვისაუბრო და შევეხო სამი დიდი ფსიქოანალიტიკოსის მოსაზრებას სკოლის შესახებ: ზიგმუნდ ფროიდის (Sigmund Freud, 1856–1939), ჟაკ ლაკანის (Jacques Lacan, 1901–1981) და დონალდ ვინიკოტის (Donald Winnicott, 1896–1971).

 

ფროიდი თვლიდა, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი იწყებს სუპერეგოს ფორმირებას - სოციალურ წესებთან შეხვედრით. ამ სივრცეში ბავშვი იწყებს ნებისყოფის გამომუშავებას და უარის თქმას საკუთარი სურვილების იმპულსურად შესრულებაზე. როდესაც ბავშვი სკოლაში პირველად ეჯახება სოციალურ წესებს, სწორედ აქ იწყება სუპერეგოს ფორმირება - „შინაგანი ხმა“, რომელიც ბავშვს ეუბნება „ეს შეიძლება“ ან „ეს არ შეიძლება“. ფროიდის აზრით, სწავლა თუ მხოლოდ ვალდებულებაა, მაშინ ბავშვი ვერ მიიღებს სიამოვნებას - მხოლოდ მაშინ ხდება პროცესი ბავშვისთვის საინტერესო, თუ სწავლაში ირთვება სურვილი და ბავშვი აღმოაჩენს, რომ ცოდნა აძლევს კმაყოფილებას.

 

ლაკანისთვის სკოლა არის ის ადგილი, სადაც ბავშვი საბოლოოდ შედის სრულიად სიმბოლურ წესრიგში ენის, კანონისა და სოციალური სხვაობების სამყაროში. თუ ოჯახში ბავშვი ჯერ კიდევ იმაგრებს საკუთარ ადგილს დედისა და მამის სურვილში, სკოლაში ის ხვდება მეტაფორულსხვა“-სთან - მასწავლებელთან, კლასელებთან, ინსტიტუციურ სტრუქტურასთან. სკოლა არის ის ადგილი,სადაც ბავშვი იწყებს სურვილის გაგებას იმ ენაზე, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნის ოჯახს. სიმბოლური მამა, როგორც ინსტიტუცია - მასწავლებელი, სკოლის წესი, შეფასება, კანონი,  - ყველა ეს ფუნქცია წარმოადგენს მამის სიმბოლურ ადგილს, რომელიც დგება ბავშვსა და დედას შორის. თუ ოჯახში ეს სიმბოლური გადაცემა ვერ მოხდა, სკოლა ხშირად ხდება პირველი ადგილი, სადაც ბავშვი ხვდება კანონის გარეშე ყოფნის შიშს  - ბავშვს ეუფლება კანონის გარეშე დარჩენის შიში, რამაც თავის მხრივ, ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი მორჩილება, სრულყოფილების კომპლექსი, ხანდახან უჩვეულო შფოთვაც.

 

ვინიკოტი კი ფიქრობდა, რომ სკოლა არის გარდამავალი სივრცე, სადაც ბავშვს ეძლევა საშუალება თანდათან გამოვიდეს ოჯახური გავლენისგან და აღმოაჩინოს საკუთარი შემოქმედებითი თვითმყოფადობა. სწორად მოწყობილი სკოლა ხელს უწყობს ბავშვის „ჭეშმარიტი მე“-ს (True Self)  განვითარებას: სკოლამ ბავშვს უნდა შეუქმნას გარემო თამაშისთვის, გამოხატვისთვის, დაშეცდომების დაშვებისთვის. მასწავლებელმა არ უნდა ჩაახშოს სპონტანურობა. მისი როლია, რომ მოსწავლეებს მიაწოდოს საყრდენი ჩარჩო, წესრიგი და უსაფრთხო გარემო (holding environment). სკოლა, რომელიც ზედმეტად დისციპლინურია, იწვევს „ცრუ მე“-ს (False Self) ჩამოყალიბებას ბავშვებში. „ცრუ მე“ ადვილად ადაპტირდება მოლოდინებთან და კარგავს შინაგან სიცოცხლეს.

 

სამწუხაროდ, თანამედროვე სკოლა ხშირად ვერ ასრულებს იმ ფსიქიკურ ფუნქციას, რომ იყოს გამყოფი ბავშვის ინდივიდუალიზმსა და ოჯახს შორის. ის აღარ არის სივრცე, რომელიც იცავს ბავშვს იმ ყოვლისშემძლეობის ილუზიისგან, რომ თითქოს მშობელმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება შვილს და არ ტოვებს სივრცეს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ზოგჯერ პირიქითაც ხდება და სკოლა ხშირად იქცევა ყოვლისშემძლეობის ილუზიის გაგრძელებად - „დედის სიმპტომის მარჯვენა ხელად“, რომელიც არა ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე, არამედ მშობლის სიმპტომის (ანუ დედის სიმპტომის - შთანთქას ბავშვი) დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. 

 

ასეთ დროს, ხდება ბავშვის უფლების ჩანაცვლება - ისწავლოს, შეცდეს და საკუთარ გზაზე იპოვოს თავი. სკოლა კი ერგება მშობლის სიმპტომს, რომ „მშობელმა ყველაფერი იცის.“ ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სკოლები უფრო მეტად მშობლების კომფორტზე ზრუნავენ, ვიდრე ბავშვების, რადგან დღევანდელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანია სკოლის წარმატებისთვის, რომ მოიპოვონ მშობლების ფინანსური ან სოციალური კეთილგანწყობა, ვიდრე მოსწავლეების.

 

ასე იქმნება ერთგვარი ფარული შეთანხმება, სადაც ყველა კმაყოფილია, გარდა ბავშვისა. ეს კი ნიშნავს, რომ განათლების სისტემა თანდათან კარგავს თავის სიმბოლურ, ძირეულ ფუნქციას და გადაიქცევა დისციპლინურ მექანიზმად, სადაც აღარ ისმის ბავშვის ხმა. ასეთ შემთხვევებში სკოლა იქცევა ავტორიტარულ სისტემად, სადაც არ ხდება ახალი იდეების მიღება, კრიტიკული ფიქრის წახალისება და ემპათიის განვითარება.

 

როცა სკოლა ფუნქციონირებს, როგორც სიმბოლური ინსტიტუცია, ის მხოლოდ ცოდნას არ გადასცემს, ის იცავს ბავშვს სურვილის შთამნთქმელი რეალობისგან და აძლევს შესაძლებლობას, დაიბადოს როგორც ინდივიდი. როცა ეს ფუნქცია იშლება და სკოლა მხოლოდ ნიშნების სისტემად ან ავტორიტარულ სივრცედ იქცევა, ნიანგის ხახა ისევ იხურება“, ბავშვი კი რჩება დედის სურვილის ტყვეობაში და ვერ შედის კულტურისა და ცოდნის სიმბოლურ წრეში (Jacques Lacan, სემინარი IVLa relation d’objet“, 1956–1957). სკოლის რეალური ამოცანა, როგორც ფროიდი, ლაკანი დავინიკოტი გვასწავლიან, არის სურვილსა და კანონს შორის სივრცის შენარჩუნება; სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვს შეუძლია არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ იყოს ცოცხალი.

 

 

თამუნა ამაშუკელი - ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის ფსიქოთერაპევტი.