კვებითი აშლილობა და სპეციალიზებული კლინიკის მნიშვნელობა

20 ოქტომბერი 2025

კვებითი აშლილობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე რთულ და სიცოცხლისთვის საშიშ გამოწვევებს შორის მოიაზრება. ეს ავადმყოფობა კვებითი ქცევის მძიმე დარღვევით მიმდინარეობს და არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ ხშირად საფრთხეს უქმნის მის სოციალურ ფუნქციონირებას.

 

ანორექსია, ბულიმია, უკონტროლო კვების აშლილობა, საკვებისგან თავის არიდება შეზღუდვის აშლილობა - ეს ის დიაგნოზებია რომელიც ხშირად რჩება შეუმჩნეველი გარშემომყოფების მხრიდან, თუმცა მათგან გამოწვეული შედეგები მძიმეა. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება ამ დიაგნოზით და საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, კვებითი აშლილობები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის ყველაზე მაღალი ლეტალობით ხასიათდება. საქართველოში ამ თემაზე ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს, შემიძლია მხოლოდ ჩემი, რიგითი ფსიქოთერაპევტის დაკვირვება გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ პანდემიის შემდეგ წლებში საგრძნობლად გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც პაციენტებს სრულყოფილ მკურნალობას, რეაბილიტაციას და გრძელვადიან მხარდაჭერას შესთავაზებდა.

 

მთავარ რისკ-ჯგუფს მოზარდები და ახალგაზრდები წარმოადგენენ - სეგმენტი,რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფსიქოლოგიური ზეწოლის,სოციალური მოლოდინების და ციფრული გარემოს გავლენის მიმართ. მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია, მოითხოვს მინიმუმ 6 თვეს და მრავალპროფილურ მიდგომას. ადრეული ინტერვენციის გარეშე ეს პრობლემა ქრონიკულ ხასიათს იღებს. ასევე გასათვალისწინებელია სტიგმა და ინფორმაციის დეფიციტი- საზოგადოების უმეტესი ნაწილი კვებით აშლილობას ჯერ კიდევ „მოდურ ახირებად“ მიიჩნევს, ეს კიდევ ართულებს პრობლემის აღიარებას.. კვებითი აშლილობები მძიმე ტვირთია პაციენტის ოჯახის წევრებისთვის, ისინი გამუდმებით ცდილობენ გამონახონ გზა მათი საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ხშირად ქაოსურად მოქმედებენ, მიმართავენ უამრავ კლინიკას და სპეციალისტს, რადგან გარდა მენტალური პრობლემისა, ამ ადამიანებს ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევებიც აღენიშნებათ. ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ევროპის ან ამერიკის სპეციალიზებულ კლინიკებში მკურნალობენ. ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი ეწირება ამ ავადმყოფობას. დღეს, როცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ინვესტიციები ჯანდაცვის სექტორში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, სპეციალიზებული კლინიკის შექმნა საქართველოში წარმოადგენს როგორც სოციალურ საჭიროებას, რომელიც მკურნალობის და რეაბილიტაციის, ცნობიერების ამაღლების და სტიგმის დაძლევას შეუწყობს ხელს, ასევე შეიძლება განვიხილოთ როგორც მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობა. ბიზნესის და ინვესტირების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს ეს პრაქტიკულად ხელუხლებელი ნიშაა.

 

სპეციალიზებული კლინიკა ერთ სივრცეში გააერთიანებს ფსიქოთერაპიას, მედიცინას, კვების მართვასა და რეაბილიტაციას. გარდა ამისა ის შექმნის სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობას -მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტების მოზიდვით და ასევე განათლების და კვლევის შესაძლებლობას - საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მსოფლიოს წამყვან ცენტრებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ადაპტირება ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს აქვს მრავალწლიანი და წარმატებული პრაქტიკა კვებითი აშლილობების მკურნალობაში. ამ მხრივ განსაკუთრებულად აღსანიშნავია NHS (National Health Service) სისტემა, Priory Group (კერძო კლინიკების ქსელი), Orri London და Maudsley Hospital / King’s College London. ეს კლინიკები პაციენტებს სთავაზობენ მკურნალობის სრულ სპექტრს: ადრეულ ინტერვენციას ოჯახის აქტიური ჩართულობით, ამბულატორიულ პროგრამებს, დღის სტაციონარს, მძიმე პაციენტებისთვის სტაციონარულ მკურნალობას მკაცრი მეთვალყურეობით, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ რეაბილიტაციას და გრძელვადიან მხარდაჭერას. მსგავსი მოდელის თანდათანობით დანერგვა საქართველოშიც შესაძლებელს გახდის თანამედროვე, მრავალდონიანი სერვისების შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტის მკურნალობის ხარისხს, ისე მათი ოჯახების მხარდაჭერას.

 

სპეციალიზებული კლინიკის შექმნა ნიშნავს:

  • სიცოცხლის გადარჩენას და პაციენტის დროულ რეაბილიტაციას;
  • მის დაბრუნებას სოციუმში;
  • ოჯახების ფინანსური და ემოციური ტვირთის შემსუბუქებას;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პროფესიული განვითარების
    შესაძლებლობას;
  • სტიგმის შემცირებას და ცნობიერების ამაღლებას.

 

კვებითი აშლილობების სპეციალიზებული კლინიკის შექმნა იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობა გადაიკვეთოს საერთო მიზნებისთვის-ჯანმრთელი საზოგადოების შექმნისთვის. ინვესტორებისთვის ეს იქნება შანსი გახდნენ სფეროს ლიდერები რეგიონში. სახელმწიფოსთვის კი შესაძლებლობა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში.

 

 

ნინო პატურაშვილი - ფსიქიატრი, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების ასოციაციის მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი.